საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ის) პროგრამის გაფართოება და სავალუტო ინტერვენციების ახალი მექანიზმის ამოქმედება. დროებითი საზედამხედველო გეგმა გულისხმობს საბანკო სექტორის კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების გამოყენებას ფინანსური სტრესის პერიოდში. ეს ნიშნავს არსებული კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების შემცირებას, რაც საბანკო სექტორს საშუალებს მისცემს ამ ბუფერების საშუალებით პოტენციური ზარალები გაანეიტრალოს და განაგრძოს ნორმალური ბიზნესსაქმიანობა და რეალური ეკონომიკის დაკრედიტება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საბანკო სექტორი ჯანსაღია და მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად თანდათანობით გროვდებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები: ლიკვიდური სახსრების მიწოდება საბანკო სისტემის ლიკვიდური სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა სვოპ ოპერაციები, რითაც სისტემას აწვდის ლარის ლიკვიდობას. ამ ოპერაციების მიზანია სისტემაში ლიკვიდობის რისკის შემცირება, რათა ლიკვიდობის რისკი არ გახდეს ეკონომიკის დაკრედიტების შემაფერხებელი ფაქტორი. 200 მლნ აშშ დოლარის სვოპ ინსტრუმენტი ბანკებს შორის მათი საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ბანკებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მუდმივმოქმედი სვოპ ინსტრუმენტი, რაც საშუალებას აძლევს ბანკებს მიიღონ ლარის საჭირო ლიკვიდობა უცხოური ვალუტის სანაცვლოდ საჯარიმო საპროცენტო განაკვეთით. 2020 წლის 1 - ლი მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლიათ ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა მათი საშუალებით დაიცვან. აღნიშნული კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებითა და დამატებითი რისკების აღების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი. საჭიროებისამებრ, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ. ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლს საქართველოს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდობის მხარდაჭერას ‘’სვოპ" ოპერაციებით (200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით) უზრუნველყოფს. ისევე როგორც ბანკების შემთხვევაში ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე დაწესდება მთლიანი მოცულობის 25%-მდე ლიმიტი, რაც მცირე ზომის ფინანსური ინსტიტუტებისათვის რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. სვოპ ოპერაციების ვადა განსაზღვრულია 1 თვით, შემდეგი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური განახლების უფლებით.