სკოლა: მესტიის მუნიციპალიტეტი ფარის საჯარო კლასი: მე-10 სახელი გვარი: ანნა რეზესიძე თემა: ლეგენდა
ნაკრის „ლამურყვამზე“
სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ნაკრა. ამ სოფელში მოხვედრილ ადამიანს აუცილებლად მოუყვებიან ლეგენდას „ლამურყვამის“ ანუ კოშკეთის შესახებ. აქ ოდესღაც საგუშაგო მურყვამი ანუ კოშკი მდგარა. შემაღლებული ადგილები ირჩეოდა ხოლმე გუშაგთათვის, რომლებიც კოშკიდან კოშკამდე ცეცხლის დანთებით ატყობინებდნენ სახიფათო ამბავს. აქვე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომელიც ძველი ტაძრის ნანგრევებზე აღადგინეს სოფლის მცხოვრებლებმა. თქმულების თანახმად,აქ უცხოვრიათ ღარიბსა და მდიდარს. მდიდრები ძმები ყოფილან, ღარიბი კი ქვრივი ქალი, რომელიც ობოლ ბავშვებს ზრდიდა. ეს ქვრივი მოჯამაგირედ ედგა მდიდარს, რომელიც მას გასამრჯელოს თითქმის არ აძლევდა, ღარიბს ისე უჭირდა მდიდართან ცომს, რომ მოზელდა ხელებზე შეიტოვებდა, შინ მისული ხელებს ჯამში დაიბანდა და ამით მცირეოდენ ფაფას უკეთებდა თურმე ბავშვებს. ერთხელაც მდიდრები დაინტერესებულან, ჩვენ არაფერს ვაძლევთ და ბავშვებს რას აჭმევსო. უთვალთვალეს და ნახეს, რომ ხელებზე შეტოვებული ცომი მიჰქონდა შინ, ამის შემდეგ ქვრივს სახლში ხელების დაუბანლად წასვლა აუკრძალეს. გაჭირვებულ ქალს რა უნდა ეღონა. ერთ ღამეს, როცა ბავშვები შიმშილისაგან ატირდნენ, ქვრივმა აიღო თეთრი ქვები ქვაბში ჩაყარა და ცეცხლზე შემოდგა, რომ ბავშვები იმედით ენუგეშებინა, უცებ კარები გაიღო თურმე და გამოცხადდა ღვთის განგებულება. სოფლის მცხოვრებთა გადმოცემის თანახმად ეს თვით წმინდა გიორგი იყო. კითხა თურმე ქალს, ქვაბში რა გაქვსო, ქვები ჩავადგი რომ ბავშვებს იმედით ჩასძინებოდათო უპასუხა ქალმა. აბა ქვაბს ჩახედეო, ქალმა ჩახედა ქვაბს და რას ხედავს, ქვაბი ხორცით არის სავსე და შიგ სამი ცალი ცხვრის დუმაც ერია. ახლა წმინდანმა ფქვილის ამბავი ჰკითხა, ქალმა შესჩივლა არამაქვსო. აბა გადი და კიდობანი ნახეო უთხრა მოსულმა, გავიდა ქალი და კიდობანი ფქვილით სავსე დახვდა. მოსულმა გააფრთხილა, ხმაურს რომ გაიგონებ გარეთ არ გამოიხედო, უთხრა და წავიდა. ცოტა ხანში საშინელი ხმაური შემოესმა ქალს, ვეღარ მოითმინა და გამოიხედა. მდიდარის კარ-მიდამო დაფარული იყო დიდი ლოდებით. ქალს კი ურჩობისათვის თვალში ქვის ნატეხი ჩაუვარდა და თვალი დასთხარა. შემდგომში მოწყალება მიიღო უფალმა და ღარიბის სახლ-კარი ააყვავა. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ეს ადგილი უზარმაზარი ლოდებითაა დაფარული. ისე ჩანს თითქოს ზეციდანაა ჩამოყრილი და მიახლოებით ერთი დიდი კარ-მიდამოს ხელა ფართობი აქვს დაფარული. რაც შეეხება ღარიბთან მისულ წმინდანს, ერთი გადმოცემის თანახმად ეს წმინდა გიორგი იყო, ხოლო მეორენი ჰყვებიან, რომ მისული სამნი იყვნენ.