„საქანელა“ ფუნქციონალური სკულპტურა - ხის ორი სამმეტრიანი ცხენი, ორი არქეტიპული „არსება“ ვიზუალურად თითქმის იდენტურია. ისინი ერთმანეთს ავსებენ და განაპირობებენ ერთმანეთის არსებობას. თითოეული მათგანის ,,ცალმხრივობის საფრთხე“, მეორის დახმარებით გადაილახება. მისი ესთეტიკა მოგვაგონებს „ეგვიპტის სფინქსსაც და პარიზის ქიმერასაც“. ცხენებს შორის რკინის საქანელაა, რომელიც მათ აერთიანებს. ორი მდგომარეობა მოცემულია ერთ ობიექტში - სტატიკაში დინამიკა. აბსტრაგირებამდე მისული ფორმის განზოგადება ვალო იმერლიშვილის ხელწერაა. ხელოვანი პლასტიკაში დრო-სივრცული პარამეტრების ძიების პროცესმა საკუთარი პლასტიკური ქრონოტოპის გამომუშავებამდე მიიყვანა. კერძოდ, ვალო იმერლიშვილმა შექმნა ინსტალაცია, რომელშიც ცხადად ჩანს, როგორ ხდება დროით კატეგორიაში განფენილი და სივრცობრივ კატეგორიაში მოაზრებული „საქანელა“ კულტურის არტეფაქტი.