ბასს 1
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 1
ფინანსური ანგარიშგების წარდგენა მიზანი 1.
წინამდებარე სტანდარტი განსაზღვრავს საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძველს, რაც უზრუნველყოფს როგორც ცალკეული საწარმოს წინა წლების ფინანსური ანგარიშგების, ასევე სხვადასხვა საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესადარისობას. სტანდარტში განხილულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ზოგადი მოთხოვნები, მეთოდური მითითებები ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურისა და შინაარსის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.
მოქმედების სფერო 2.
საწარმომ წინამდებარე სტანდარტი უნდა გამოიყენოს საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად და წარსადგენად, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
3.
სხვა სტანდარტები განსაზღვრავს ცალკეული სამეურნეო ოპერაციებისა და სხვა მოვლენების აღიარების, შეფასებისა და განმარტებითი შენიშვნებისთვის მოთხოვნებს.
4.
წინამდებარე სტანდარტი არ გამოიყენება შემოკლებული შუალედური ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურისა და შინაარსის მიმართ, რომელიც მომზადებულია ბასს 34-ის - `შუალედური ფინანსური ანგარიშგება~ - შესაბამისად. თუმცა, 15-35-ე პუნქტები სწორედ ამგვარ ფინანსურ ანგარიშგებებს ეხება. სტანდარტი განკუთვნილია ყველა საწარმოსთვის, მათ შორის, საწარმოებისთვის, რომლებიც წარადგენენ კონსოლიდირებულ ფინანსური ანგარიშგებას ფასს 10-ის - `კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება~ - შესაბამისად და ასევე რომლებიც წარადგენენ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას ბასს 27-ის - `ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება~ - შესაბამისად.
5.
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებული ტერმინოლოგია მისაღებია იმ საწარმოთათვის, რომელთა საქმიანობის მიზანი მოგების მიღებაა, მათ შორის სახელმწიფო სექტორის საწარმოთათვის. როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორის არაკომერციულ საწარმოებს, რომლებიც აღნიშნულ სტანდარტს გამოიყენებენ, შესაძლოა დასჭირდეთ განმარტებითი ინფორმაციის დამატება ფინანსური ანგარიშგების გარკვეული მუხლების ან თვით ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
6.
ანალოგიურად, საწარმოებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი კაპიტალი, როგორც ეს განმარტებულია ბასს 32-ში - ,,ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა’’ (მაგ., ზოგიერთი ერთობლივი ფონდი) და საწარმოებს, რომელთა სააქციო კაპიტალი არ წარმოადგენს საკუთარ კაპიტალს (მაგ., ზოგიერთი კოოპერაციული საწარმო), შესაძლოა დასჭირდეთ ფინანსური ანგარიშგების მისადაგება წევრების ან მეპაიეების ინტერესებთან.
განმარტებები 7.
წინამდებარე სტანდარტში ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
საერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება (ე.წ. `ფინანსური ანგარიშგება“) არის ფინანსური ანგარიშგება, რომელიც განკუთვნილია იმ მომხმარებელთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც მდგომარეობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ საწარმოს მოსთხოვონ მათ საკუთარ საინფორმაციო მოთხოვნილებებზე მორგებული ანგარიშების მომზადება.
© IFRS Foundation
1