ფასს 3
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 3
საწარმოთა გაერთიანება მიზანი 1.
წინამდებარე სტანდარტის მიზანია, გააუმჯობესოს იმ ინფორმაციის შესაბამისობა, საიმედოობა და შესადარისობა, რომელსაც ანგარიშვალდებული სამეურნეო ერთეული წარმოადგენს ფინანსურ ანგარიშგებაში საწარმოთა გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით სტანდარტი ადგენს პრინციპებსა და მოთხოვნებს იმის შესახებ, თუ მყიდველმა საწარმომ როგორ უნდა: ა)
აღიაროს და შეაფასოს ფინანსურ ანგარიშგებაში შეძენილი იდენტიფიცირებადი აქტივები, აღებული ვალდებულებები და ნებისმიერი არამაკონტროლებელი წილი შეძენილ საწარმოში;
ბ)
აღიაროს და შეაფასოს საწარმოთა გაერთიანებისას შეძენილი გუდვილი, ან ხელსაყრელი შესყიდვიდან მიღებული შემოსულობა; და
გ)
განსაზღვროს, რა ინფორმაცია გააშუქოს, რათა ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს საწარმოთა გაერთიანების თავისებურებებისა და ფინანსური შედეგების შეფასების საშუალება მისცეს.
მოქმედების სფერო 2.
2ა.
წინამდებარე სტანდარტი გამოიყენება სამეურნეო ოპერაციის ან სხვა მოვლენის მიმართ, რომელიც აკმაყოფილებს საწარმოთა გაერთიანების განმარტებას. იგი არ ვრცელდება: ა)
ერთობლივი საქმიანობის ფორმირების აღრიცხვაზე თვითონ ერთობლივი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშგებაში;
ბ)
აქტივის ან აქტივების ჯგუფის შეძენაზე, რომელიც არ აფუძნებს საწარმოს. ასეთ შემთხვევებში, მყიდველმა საწარმომ უნდა განსაზღვროს და აღიაროს შეძენილი ინდივიდუალური იდენტიფიცირებადი აქტივები (მათ შორის ის აქტივები, რომლებიც აკმაყოფილებს ბასს 38-ში _ `არამატერიალური აქტივები~ _ მოცემულ არამატერიალური აქტივების განმარტებას ან აღიარების კრიტერიუმებს) და აღებული ვალდებულებები. ამ ჯგუფის ღირებულება უნდა მიეკუთვნოს ინდივიდუალურად იდენტიფიცირებად აქტივებსა და ვალდებულებებს, შესყიდვის თარიღისათვის შეფასებული მათი შედარებითი რეალური ღირებულების საფუძველზე. ასეთი სამეურნეო ოპერაცია ან მოვლენა არ წარმოქმნის გუდვილს;
გ)
საერთო კონტროლს დაქვემდებარებული სამეურნეო ერთეულების ან საწარმოთა გაერთიანებაზე (შესაბამისი მითითებები მოცემულია ბ1-ბ4 პუნქტებში).
წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც საინვესტიციო საწარმო (როგორც ეს განმარტებულია ფასს 10-ში _ `კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება~) იძენს ინვესტიციას შვილობილ საწარმოში, რომლის შეფასებაც მოითხოვება რეალური ღირებულებით, ცვლილებების მოგებაში ან ზარალში ასახვით.
საწარმოთა გაერთიანების იდენტიფიკაცია 3.
საწარმომ უნდა განსაზღვროს, სამეურნეო ოპერაცია ან სხვა მოვლენა, არის თუ არა საწარმოთა გაერთიანება წინამდებარე სტანდარტის განმარტებით, რომელიც მოითხოვს, რომ შეძენილი აქტივები და აღებული ვალდებულებები ქმნიდეს საწარმოს. თუ შეძენილი აქტივები არ წარმოადგენს საწარმოს, ანგარიშვალდებულმა საწარმომ სამეურნეო ოპერაცია ან სხვა მოვლენა უნდა ასახოს, როგორც აქტივის შეძენა. ბ5-ბ12 პუნქტებში მოცემულია მითითებები საწარმოთა გაერთიანების იდენტიფიცირებისა და საწარმოს განმარტების შესახებ.
© IFRS Foundation
1