„მესამე კლასის ვაგონი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები იყვნენ: ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე, ზაზა ჭიღლაძე, ირაკლი ლიტვინენკო, თემურ ტუკვაძე, ლევან ვეკუა, ლელა ჩილინგარიშვილი, ინგა ხაფავა, ჰამლეტ კოვზირიძე და მაკა ვეკუა. „მე-3 კლასის ვაგონი“ კლუბ „პალატა №6“-ის ერთგვარ სამართალმემკვიდრედ (უკაცრავად ამ იურიდიული ტერმინისთვის) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 90-იანების შუა პერიოდიდან არსებობდა. არტ-კლუბში გაერთიანებული იყვნენ მხატვრები, მწერლები, პოეტები და რეჟისორები. ისინი დაარსების დღიდანვე აწყობდნენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს და პერფომანსებს. თავისი არსებობის მანძილზე „მესამე კლასის ვაგონმა“ ორი წიგნის გამოცემა მოახერხა. ამ წიგნებით მკითხველი კარგად შეიგრძნობს იმ განწყობებს, რაც 90-იანი წლების ქუთაისის არაორდინარული ახალგაზრდებისთვის იყო დამახასიათებელი: პროტესტი, ნიჰილიზმი, თავისუფლებისადმი სწრაფვა, იმედი, რომანტიკა... კლუბის წევრთა უმეტესობა დღეს ქუთაისში აღარ ცხოვრობს, ბევრმა უცხოეთს შეაფარა თავი.