„მესამე კლასის ვაგონი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები იყვნენ: ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე, ზაზა ჭიღლაძე, ირაკლი ლიტვინენკო, თემურ ტუკვაძე, ლევან ვეკუა, ლელა ჩილინგარიშვილი, ინგა ხაფავა, ჰამლეტ კოვზირიძე და მაკა ვეკუა. „მე-3 კლასის ვაგონი“ კლუბ „პალატა №6“-ის ერთგვარ სამართალმემკვიდრედ (უკაცრავად ამ იურიდიული ტერმინისთვის) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 90-იანების შუა პერიოდიდან არსებობდა. არტ-კლუბში გაერთიანებული იყვნენ მხატვრები, მწერლები, პოეტები და რეჟისორები. ისინი დაარსების დღიდანვე აწყობდნენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს და პერფომანსებს. თავისი არსებობის მანძილზე „მესამე კლასის ვაგონმა“ ორი წიგნის გამოცემა მოახერხა. მეტად ორიგინალური იყო პირველი წიგნის, „ART-გაზმის“ გაფორმება, რომელიც ქანჩითა და ჭანჭიკით იყო შეკრული და ამ უკანასკნელის ამოხრახნის გარეშე მისი გადაშლა უბრალოდ შეუძლებელია. ამ წიგნებით მკითხველი კარგად შეიგრძნობს იმ განწყობებს, რაც 90-იანი წლების ქუთაისის არაორდინარული ახალგაზრდებისთვის იყო დამახასიათებელი: პროტესტი, ნიჰილიზმი, თავისუფლებისადმი სწრაფვა, იმედი, რომანტიკა...