ჯანი როდარი - "ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები"

Page 32

მადგებაო, იფიქრა ქანცგაწყვეტილმა და ისევ თავის გუნდს დაუბრუნდა. ძველ ანდაზას იხტიბარი წაუხდა, გავმტყუნდი და ეგ არისო, დარდზე ავად გახდა და, სანამ გლანდები არ ამოაჭრეს, ფეხზე ვერ წამოდგა. ერთხელ კი სამი ძველი ანდაზა შეხვდა ერთმანეთს. ჯერ წესიერად გამარჯობაც არ ეთქვათ, რომ უკვე შეკინკლავდნენ. — სწორედ შენზეა ნათქვამი, ბედი მომეცი და სანაგვეზე გადამაგდეო, — ლახტი გადაჰკრა ერთმა მეორეს. — თუ არ იცი, გაგონილი მაინც გექნება, ბედი ბრმააო, — სიტყვა გაუტრიზავა ლახტგადაკრულმა. — მერე რა, არცოდნა არცოდვაა! — თქვა მესამემ. ეცნენ ერთმანეთს და ატყდა წეწვა-გლეჯა — არა მე ვარ მართალი, არა-მეო. არ დაიჯერებ, ჯერაც ისევ დაკა-დაკა აქვთ! ახლა იმას არ იკითხავ, რა მოუვიდა ერთ ძველ ანდაზას, ვაშლი რომ მოუნდა და ხელის განძრევა კი ეზარებოდა? დაჯდა ვაშლის ძირას და ჩააანდაზა: მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო. ვინც მოითმენს ის მოიგებს, მწიფე თავისით ჩამოვარდებაო. რა გგონია, მართლაც ჩამოვარდა! მაგრამ ვაი იმ ჩამოვარდნას, ნახევარი უკვე დამპალი იყო. არა, ხალხში აღარ გამომესვლებაო, ინამუსა გამტყუნებულმა ანდაზამ და გადადგა, ანდაზობას თავი გაანება. ხელმადლიანი ქალის ამბავი ლაგო-მაჯორეს ტბის პირას, სანტ-ანტონიოში, ერთი უბრალო მანდილოსანი ქალი ცხოვრობდა, რომლისთანად დედამიწის ზურგზე მურაბას ვერავინ ხარშავდა. მურაბების დრო დადგებოდა თუ არა, ქვეყნის ხალხი მოაწყდებოდა ხოლმე. ზოგი საიდან მოდიოდა, ზოგი საიდან. ჩამოუსხდებოდნენ კარებწინ და იყო გაუთავებელი ხვეწნა-მუდარა, არა ჯერ მე მომიხარშე, არა ჯერ მეო. — გამოიხედე, გენაცვალე! — გასძახებდა ვინმე ენატკბილი დედაკაცი. — რა ამბავია, რა იყო? — გამოსძახებდა ისიც. — უარს ნუ მეტყვი, შენი ჭირიმე, მოცვის მურაბა უნდა მომიხარშო. — მაგის დარდი ნუ გაქვს, ადვილი საქმეა. — მე ალუბლისა მინდა, შემოგევლე! — სთხოვდა მეორე. — ალუბლისა გინდა და ალუბლისას მოგიხარშავ, — ეტყოდა და პირს არ შეირცხვენდა. მართლა მადლიანი ხელისა იყო და მთელ იმ მხარეში, ვარეზედან მოკიდებული, შვეიცარიაში რომ კანტონი ტიჩინოა, იქამდე, ნამდვილი სახელის მაგივრად სუყველა ხელმადლიანს ეძახდა. ტყუილია, იმის მურაბისთანას ნურავინ ნუ დაიტრაბახებს! ერთხელ ზარმაცების სოფლიდან მოადგა ერთი აბგააკიდებული ქალი. მურაბა მოსდომებოდა და წამოსულიყო, გზად ტყეში რკო აეკრიფა და ის მოიტანა, რა ვქნა, სხვა ვერაფერი ვიშოვნე, ამის მურაბა მომიხარშეო. — რკოსი? — მთელი ქვეყანა შენი მადლიერია, უარით ნურც მე გამისტუმრებ, ხელმადლიანო. — ეუბნებოდა ის ქალი.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.