პასუხი ნამახვან ჰესზე

Page 1

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ბატონ დავით თვალაბეიშვილს ასლი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ბატონო დავით, მივიღეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან პასუხი ჩვენს, 2020 წლის 5 მარტით დათარიღებულ წერილზე. საპასუხო წერილის ავტორი კომპანია “ENKA Renewables” გახლავთ. საპასუხო წერილში მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები სცდება უწყებათაშორისი ინფორმაციის გაცვლის ფორმატს და ის აზრთა გაცვლისა და კამათის სხვა ფორმატს მოითხოვს. ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ ფორმატში აწარმოოს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ამ წერილით მოგახსენოთ “ENKA Renewables” -ის საპასუხო წერილში არსებული ქვეყნისთვის საზიანო უმწვავესი პრობლემების შესახებ, რომელიც ჩვენს დარგში ანბანური ჭეშმარიტებაა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს კომპანიის მიერ დაქირავებული თანამშრომლების სავარაუდო არაკომპეტენტურობაზე, ან თაღლითობის მცდელობაზე. მიგვაჩნია, რომ საკითხის განხილვა ფართო ფორმატში უნდა მოხდეს, სადაც დარგის წარმომადგენლები დაესწრებიან და საშუალება გვექნება დეტალურად მოვახსენოთ დამსწრე საზოგადოებას ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კვლევის კომპონენტში არსებული უმძიმესი პრობლემების შესახებ. დაბეჯითებით ვამბობთ, რომ „ENKA Renewables“-ის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი სრულიად მიუღებელია, ვინაიდან არავითარი კვლევა ამ ნამუშევარს საფუძვლად არ უდევს. მეტიც, ის არღვევს ყველა საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტს. მაგალითად, ICOLD-ის (დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის რეკომენდაციას, რომელსაც ითვალისწინებს ყველა ქვეყანა) მაღლივი კაშხლების სამშენებლო სტადარტს. ყოვლად დაუშვებელია, 1999 წლის ზოგადი დარაიონების რუკის მაჩვენებლების გამოყენება ჰესის მშენებლობის დაპროექტებისას. ამას 2010 წლის საქართველოს სამშენებლო ნორმებიც კრძალავს. მიგვაჩნია, რომ საჯარო შეხვედრას აუცილებელია დაესწროს „ENKA Renewables“ის მიერ დაქირავებული კომპანიები, რათა წარმოდგენა შეექმნათ კავკასიის ურთულეს გეოლოგიურ და ტექტონიკურ სტრუქტურაზე. მათი ნამუშევრიდან ცხადია, რომ ისინი რეგიონს საერთოდ არ იცნობენ და არ იცნობენ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში რეგიონში წარმოებულ თანამედროვე კვლევებს. „ENKA Renewables“ საპასუხო წერილში წერს, რომ განახლებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გეოლოგიისა და სეისმოლოგიის მახასიათებლების ჩათვლით, გაიცა 2020 წლის 28 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მოგახსენებთ, რომ ჩვენს წერილში ყურადღება გავამახვილეთ კვლევის სეისმურ კომპონენტზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თანამშრომელთა შორის არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები,


რომლებიც სეისმური კუთხით ნაშრომის ვალიდურობას შეაფასებენ. ეს მათ კომპეტენციას სცდება. შემდგომში, საჭიროდ მივიჩნევთ მსგავსი პროექტების განხილვისათვის შეიქმნას ქვეყანაში ტექნიკური კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მეცნიერებითა და დარგის სპეციალისტებით. ასეთი კვლევების ანალიზი, შესწავლა და შემდგომ მათი სანდოობის დადასტურება მოითხოვს დროს, შესაბამის დარგობრივ ცოდნასა და გამოცდილებას. 28 თებერვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, 2019 წლის დეკემბერში, პროექტის განხილვაზე წყალტუბოში, ჩვენ საჯაროდ გავაფრთხილეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. პირადად მე, თეა გოდოლაძემ, ვთხოვე შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს, რათა ამეხსნა თუ რა პრობლემები ჰქონდა პროექტს. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანიის მიერ გეოლოგიურ კომპონენტში ჩატარებული კვლევა ასევე არასაკმარისია და არ ასახავს კომპლექსურ სურათს. ეს ცალკე მსჯელობის საგანია და ნამდვილად ერთი წერილი ვერ დაიტევს ხარვეზთა ჩამონათვალს. სწორედ ამიტომ, ვითხოვთ განხილვისათვის ფართო აუდიტორიას. მსგავსი მასშტაბის პროექტები ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ის ერთი კომპანიის ფინანსურ ინტერესებს სცდება. ერთს დავძენთ, გეოლოგიურგეოფიზიკური კუთხით ჩატარებული კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ დაქირავებული სპეციალისტები ვერ ერკვევიან რეგიონის ურთულეს სტრუქტურაში, ან მათ მიერ ჩატარებული საველე სამუშაოებისათვის განკუთვნილი დრო არასაკმარისია. დავიწყოთ ჩვენს ინსტიტუციასთან დაკავშირებული შეხვედრების შესახებ წერილში მოყვანილი ურცხვად დამახინჯებული ფაქტების განხილვით. ნამახვანის პროექტის ტენდერში გამარჯვებულად „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ს გამოცხადების შემდეგ ჩვენს ინსტიტუტს არაერთხელ დაუკავშირდა ადგილობრივი მოსახლეობა. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის გაცნობის შემდეგ ცხადი იყო, რომ პროექტი ძალიან სუსტია და დამატებით კვლევას მოითხოვს. მოგასხენებთ, რომ ჩვენი სამეცნიერო გუნდი კარგად იცნობს რეგიონის ურთულეს ტექტონიკურ სტრუქტურასა და გეოლოგიურ თავისებურებებს. ჩავედით სოფელ ტვიშში, შევხვდით გამგებელსა და იმ დროსათვის „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“-ს მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს. ვესაუბრეთ და მივუთითეთ 500 მეტრიან მონაკვეთზე არსებულ 4 დიდ მეწყრულ ზონაზე და განვიხილეთ, თუ რაოდენ საშიშია აქ კაშხლური ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. კომპანიის თანამშრომლები შეხვედრის ყველა ეტაპზე იმეორებდნენ, რომ მიმდინარეობს კვლევა და შედეგებს სულ მალე ვიხილავდით. ჩემს ოფისში (თეა გოდოლაძე) მესტუმრა „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“-ს წარმომადგენელი და კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი. წარმოადგინეს კვლევა „სეისმური საფრთხის ანალიზი“ უცნობი იყო კვლევის შემსრულებელი კომპანია. კვლევის ასლიც კი არ დაგვიტოვეს. კვლევის თანახმად, მაქსიმალური საანგარიშო აჩქარება დათვლილი იყო 0.2g. რა თქმა უნდა მივუთითე, რომ გაგრა-ჯავის რღვევის ზონაში მსგავს აჩქარებაზე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია. გადავხედე ნაშრომს და ცხადი იყო, რომ შემსრულებელს


წარმოდგენა არ ჰქონდა რეგიონის სეისმურობაზე და ტექტონიკურ სტრუქტურებზე. ნაშრომის შესრულების ხარისხი ცუდი სტუდენტის საკურსო ნამუშევარს ჰგავდა. ავუხსენი, რომ USGS -ის (ამერიკის გეოლოგიური საზოგადოება) ვებგვერდზე არსებული მიწისძვრის კატალოგით და გაურკვეველი წარმოშობის სეისმური ზონებითა თუ რღვევებით ლოკალურ სეისმურ საფრთხეს გაგრა-ჯავაზე ვერ შეაფასებდა. მაგალითად, კატალოგში ფიგურირებდა მაგნიტუდა M=8.6 მიწისძვრა, რომელიც რეგიონში საერთოდ არ მომხდარა. ვუთხარით, რომ ჩვენი ინსტიტუტი ამჟამად მუშაობს ქვეყნის ზოგად სეისმურ საფრთხის შეფასებაზე ა.შ.შ.-ს სამეცნიერო გუნდთან ერთად და 3 წელი მხოლოდ მონაცემთა დაზუსტებას მოვანდომეთ. მივუთითეთ, რომ კომპანია მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოჰკიდებოდა მის მიერ დაფინანსებული კვლევის სიზუსტესა და შედეგებს. განვმარტავ, რომ ლოკალური საფრთხის შეფასება განსხვავებული ამოცანაა ჩვენს დარგში, ვიდრე ზოგადად ქვეყნის სეისმური საფრთხის შეფასება. განსხვავებული მასშტაბებია და შესაბამისად განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ კომპანიის წარმომადგენლები სავაჭროდ იყვნენ ჩვენთან მოსულნი, ნათელი იყო რომ ჩვენგან მიღებული ინფორმაციით კომპანია მანიპულირებას დაიწყებდა. შთაბეჭდილება გაგვიმყარდა, როდესაც რამდენიმე თვეში თურქული კომპანიის სეისმოინჟინერი გვესტუმრა, რომელიც „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“-მ იქირავა. სეისმოინჟინერი ღიად გვეუბნებოდა, თუ კვლევა დაამთავრეთ თქვენი მონაცემები მოგვეცითო. სეისმოინჟინერმა ყოველგვარი შელამაზებისა და დიპლომატიის გარეშე გვითხრა, რომ ქვეყანას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მარეგულირებელი არცერთი საკანონმდებლო დოკუმენტი არ გააჩნდა, შესაბამისად, მის მიერ მიღებულ შედეგებს ვერავინ გადაამოწმებდა და ვერც პასუხს მოსთხოვდა. ჩვენი სამეცნიერო გუნდისათვის მიუღებელია მსგავსი მიდგომები და ის ქვეყნის ინტერესების შემლახველია. 2019 წელს ჩვენთან ოფისში უკვე „ENKA Renewables“-ის წარმომადგენელი 2 ქალბატონი მობრძანდა. გვითხრეს, რომ პროექტმა შემსრულებელი შეიცვალა და სურდათ ჩვენთან თანამშრომლობა. ქალბატონებს ავუხსენი პროექტისა და სამშენებლო არეალის სირთულე, გულწრფელად ვუთხარით, რომ გვსურდა დახმარება, მაგრამ კვლევები თავიდან უნდა ჩატარებულიყო. ვინაიდან არსებული კვლევები, მათი ხარისხიდან და სიზუსტიდან გამომდინარე არ აღწერს რეალობას, სწორად წარმოებული კვლევის შემდეგ, პროექტის რადიკალური ცვლილების აუცილებლობა გარდაუვალი გახდებოდა. შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებდით. შემდეგ მივიღე კონსულტანტის კონტრაქტი, სადაც გარკვევით ეწერა, რომ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კონფიდენციალურობა უნდა დამეცვა. ნებისმიერი კვლევა, რომელსაც ჩვენი სამეცნიერო გუნდი აწარმოებს არის საჯარო განხილვის საკითხი და ჩვენ შედეგების შესახებ საჯაროდ ვსაუბრობთ, შემდგომ სტატიის სახით ვაქვეყნებთ. ვთვლით, რომ ღიად უნდა გავაკრიტიკოთ ნებისმიერი პროექტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება. ნამახვანის კასკადი, ავარიული სიტუაციის შემთხვევაში წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს მთლიანად კოლხეთის დაბლობის მოსახლეობისათვის. საერთაშორისო სტანდარტებით, სრულყოფილი პროექტი,


ასეთი საფრთხეების მოდელირებას უნდა ითვალისწინებდეს, რაც ჯერ არ წარმოუდგენიათ პროექტის შემსრულებლებს. კონტრაქტის კონფიდენციალურობის შესახებ პირობა მიუღებელი იყო ჩვენთვის, ამიტომ ვითხოვე პროექტის მენეჯერ ბარან ოზგენთან შეხვედრა. მივედით მის ოფისში. ბატონი ბარანი დიდხანს გვესაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროექტია და ყურადღებას ამახვილებდა პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში შეტანილ ცვლილებებზე. ეს ცვლილებები უნდა ემყარებოდეს გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე დატვირთვებს. შესაბამისად, დავსვით კითხვა თუ რა სიახლე ჰქონდათ კვლევის კუთხით. შეხვედრის დროს ბატონმა ბარანმა დაადასტურა, რომ თურქული კომპანია “ტემელსუ“-მ ჩაატარა კვლევა და საანგარიშო აჩქარებაც დაასახელა 0.3g. ავუხსენით, რომ არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია ასეთი დაბალი საანგარიშო აჩქარების მიღება გაგრა-ჯავის რღვევაზე და მივუთითეთ ლინკი, საიდანაც შეეძლო ჩამოეტვირთა ა.შ.შ.-ს მთავრობის ვებ გვერდზე განთავსებული სამეცნიერო ანგარიში, რომელიც ჩვენს ამერიკელ, კანადელ, თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ და უნგრელ კოლეგებთან ერთად 4 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგი იყო. ცხადი იყო, რომ ბატონი ბარანი ვერ ერკვეოდა ტექნიკურ დეტალებში. ის არც სეისმოლოგია და არც გეოლოგი, მაგრამ დაჟინებით გვთხოვდა გადაგვეცა მონაცემები. სამეცნიერო სისტემა ასე არ ფუნქციონირებს. ჩვენც ეს მონაცემები აღებული გვაქვს საჯარო სივრციდან, სხვადასხვა წყაროდან, შემდეგ მათ დახვეწასა და დამუშავებას 4 წელი მოვანდომეთ, რომ ჩვენი შედეგი სანდო ყოფილიყო. ასევე ავუხსენით, რომ შედეგები ელოდება სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებას. ის მხოლოდ ქართულ მხარეს არ ეკუთვნის (ამ დროისათვის ახალი სეისმური საფრთხის შეფასების რუკები საქართველოსათვის ოფიციალურად გამოქვეყნებულია). აქვე დავძენთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, მაღლივი კაშხლის სეისმური საფრთხის შეფასებისათვის ლოკალურად უნდა იქნეს ფუნდამენტური კვლევა წარმოებული აქტიური სეისმური რღვევების პოტენციალის შეფასებისა და დელინიზაციისათვის. ასევე, მოხდეს სეისმური კატალოგის გადამუშავება და მიკრო მიწისძვრების მონიტორინგი (იხილეთ თანდართული ამონარიდი ICOLD სტანდარტიდან). ჩვენი ახალი კატალოგი მაგალითად დამუშავდა მაგნიტუდა M>=4.5 მიწისძვრებისათვის, რაც ლოკალური სეისმური საფრთხის შეფასებისათვის არ არის საკმარისი. ბატონი ბარანი ან ვერ იგებდა რა ვუთხარით, ან არ უნდოდა რომ გაეგო. ჩვენ შთაბეჭდილება დაგვრჩა რომ არ უნდოდა გაეგო. ჩვენი ეჭვი განამტკიცა ნამუშევარმა, რომელიც სეისმური საფრთხის შეფასების კუთხით წარმოადგინა კომპანიამ. ეს ნაშრომი ატვირთულია კომპანია სტუდია Pietrangeli -ის სახელით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე. თარგმანში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი ნაშრომის შინაარსი და ფორმაა. თუ ასეთი სახის კვლევაზეა ნამახვან ჰესი დათვლილი და ამ კვლევის ვალიდურობას ადასტურებს კომპანია „ტემელსუ“ და კომპანია „შტუკი“, ასევე სეისმოლოგი ბერნარდ ბლანკი, ეჭვი გვაქვს, რომ საქმე უფრო დიდ თაღლითურ სქემას ეხება, ან მყარი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ შემსრულებლები ამ საქმის პროფესიონალები არ არიან. ასეთი სახის ნამუშევარი არცერთი სტანდარტით არ შეიძლება დაედოს საფუძვლად ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას.


ვიდრე დეტალურად შევეხებით სტუდია Pietrangeli -ის ნაშრომს, საპასუხო წერილში მოცემულ ერთ ფაქტზე გავამახვილეთ ყურადღებას. წერილში არგუმენტად მოჰყავთ კომპანია „არუპი“-ის ფრაზები. კომპანია „არუპ“-ს მსოფლიო ბანკის დავალებით უნდა განეხილა ჩვენი ინსტიტუციისა და თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის რუკები, რომელიც ქვეყნის სამშენებლო ნორმებს უნდა დაედოს საფუძვლად. განხილვის შედეგებს უკვე ველოდებით რამდენიმე თვეა. საინტერესოა, საიდან აქვს წვდომა „ENKA Renewables“-ს ამ ინფორმაციაზე, როდესაც ჩვენ, პროექტში უშუალოდ ჩართულ ადამიანებს არავითარი დასკვნა არ მიგვიღია „არუპი“-ის ნამუშევარზე. გაუგებარია, „არუპი“-ის დასკვნა რატომ აქვს კომპანიას მოყვანილი არგუმენტად. დიახ, კატალოგი და რღვევათა სქემა არ გადაუცია არცერთ ჯგუფს (ილია სახ. უნივერსიტეტი; თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტი). კატალოგიდან მიღებული პარამეტრები და რღვევის სქემები დეტალურად არის აღწერილი ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ამიტომ ამ მონაცემებით სქემის აწყობა და დათვლა მარტივია, თუ ამ დარგის სპეციალისტი ხარ და იცი რა არის ალბათური სეისმური საშიშროების დათვლა. კატალოგისა და რღვევის სქემისათვის საბოლოო სახის მიღება ეს ჩვენი საერთაშორისო გუნდის ნამუშევარია. ყველა ეს საწყისი მონაცემი ხელმისაწვდომია და დევს ISC-ის ვებ-გვერდზე, ჩვენც დიდად დაგვეხმარა ეს ორგანიზაცია კატალოგის ფორმირებაში. მოიძიოს კომპანიამ კატალოგები, დაამუშაოს, მისცეს საბოლოო სახე PSHA-ის დათვლისათვის და აუცილებლად მიიღებს იმ შედეგს, რაც ჩვენ მივიღეთ ნაშრომში. გაუგებარია, რას გვედავება კომპანია. M>2.5 -ზე მეტ მიწისძვრებზე ინფორმაციას ჩვენი ცენტრი სრულად გადასცემს ISC-ს. გაუგებარია კიდევ, რად უნდათ ეს მონაცემები? კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი, მათ სულ სხვა ამოცანა აქვთ. ლოკალური სეისმური საფრთხე უნდა დათვალონ და ჩვენი მონაცემებით საკმარისი არ არის. სტუდია Pietrangeli -ის ნაშრომის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მათ მონაცემები საერთოდ არ სჭირდებათ, რეალურად არანაირი გამოთვლა სეისმური საფრთხისა არ არის შესრულებული სტუდია Pietrangeli -ის მიერ. მათ გამოთვლებისათვის არავითარი რღვევათა სქემა არ გამოუყენებიათ და არც რომელიმე არსებული კატალოგი. თუნდაც დაუმუშავებელი ISC-კატალოგითაც გაცილებით სხვა შედეგს მიიღებდნენ. ნაშრომში მათი შედეგი ეფუძნება 1999 წელს შესრულებული სეისმური საფრთხის შეფასების რუკებს. ამ რუკების თანაავტორი ჩვენი გუნდია. საანგარიშო აჩქარებაც ამ რუკიდან აქვთ აღებული. ეს ყოვლად დაუშვებელია. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სეისმური საშიშროების რუკები უნდა განახლდეს ყოველ 5 წელიწადში. ეს რუკები შევქმენით 1999 წელს არსებული გეოლოგიური და სეისმური მონაცემებით. ამავდროულად, ეს ზოგადად, საქართველოს სეისმური საფრთხის რუკაა და კატეგორიულად დაუშვებელია ამ რუკის მონაცემების გამოყენება ლოკალური სეისმური საფრთხის შეფასებისათვის. კომიკურია, რომ ამ თემაზე წერილში თავად ბარანი საუბრობს და ჭეშმარიტებად საპირისპიროს გვასაღებს. კიდევ ერთხელ, 20 წლის წინანდელი რუკების გამოყენება დღეს, ნამახვან ჰესის დაპროექტებისათვის დაუშვებელია და სრული არაპროფესიონალიზმია. სტუდია Pietrangeli -ის ნაშრომი, არსებული კვლევების ზარმაცი სტუდენტის მიერ არაკომპეტენტურ მიმოხილვას ჰგავს. რეალურად არავითარი კვლევა ჩატარებული არ არის. USGS არ აწარმოებს კატალოგებს ჩვენი


რეგიონისათვის. მის მონაცემებზე დაყრდნობა არ შეიძლება. საიდან მოიტანეს 8.6 ბალიანი მიწისძვრა გაუგებარია. USGS საერთოდ არა აქვს ბალი-ს სისტემა. თუ მაგნიტუდაზეა საუბარი 8.6 მაგნიტუდით მიწისძვრა კავკასიაში საერთოდ არ დაფიქსირებულა. მაქსიმალური მაგნიტუდა, კავკასიის მასშტაბით ჰქონდა რაჭის 1991 წლის მიწისძვრას - მაგნიტუდა 7. როგორ შეიძლება ასეთი მასშტაბის პროექტისათვის ალბათური გათვლები არ აწარმოო და 3 დიდი მიწისძვრის საშუალებით (რომლის პარამეტრებიც კი ზუსტად არ იცი) დეტერმინისტული სეისმური საფრთხე შეაფასო. არასერიოზული მიდგომაა საქმისადმი. რაც შეეხება რაჭის მიწისძვრას, იმედი გვაქვს რომ კომენტარი რაჭის მიწისძვრის შესახებ თავად ბატონმა ბარანმა დაწერა და არა მის მიერ დაქირავებულმა სეისმოლოგმა. ცხადია, რომ ბატონმა ბარანმა არ იცის ის, რაც არ იცის. თუ ეს სეისმოლოგის ჩამოთვლილი შენიშვნებია, ჩვენთვის უხერხულია კომენტარის გაკეთება. მიწისძვრა სეისმურად აქტიურ რღვევაზე ხდება. რღვევა ხაზოვანი სტრუქტურა არ არის. სეისმური რღვევა ზონაა და ამ ზონის სიგანე გაგრა-ჯავის რღვევის შემთხვევაში დაახლოებით 30-35 კილომეტრია. თუ სიღრმული სტრუქტურა არ ვიცით, ბრმა რღვევის პირობებში რთულია გათვალო, თუ სად იქნება რღვევის ზონაში მიწისძვრის ჰიპოცენტრი. შესაბამისად, ცალსახად თქმა, რომ რღვევის ხაზიდან კაშხლის მდებარეობა 27 კილომეტრითაა დაცილებული არასერიოზულია. კომპანიას ლეჩხუმის მონაკვეთის რღვევის სამგანზომილებიანი მოდელი არ დაუმუშავებია. მათი მსჯელობა საფუძველს მოკლებულია. და კიდევ, უფრო არასერიოზულია რღვევის ზონის სხვადასხვა წერტილში, რეგისტრირებული გრუნტის მაქსიმალური აჩქარების მნიშვნელობებიდან მინიმალურის გამოყოფა და არგუმენტად მოყვანა. მთავარი მაქსიმალური ეფექტია. დიახ, მომყოლმა მიწისძვრამ გამოიწვია აჩქარება 0.55g, წარმოიდგინეთ მასზე გაცილებით დიდი, რაჭის მთავარი ბიძგი რას გამოიწვევდა. ამ საკითხზე წინა წერილში ვისაუბრეთ. შეუძლებელია, ერთ წერილში კავკასიის ტექტონიკური მოდელი ავხსნათ, რომელზედაც ნაშრომის ავტორებს წარმოდგენა არ აქვთ. რეგიონში ჩვენს ამერიკელ გეოლოგ და სეისმოლოგ კოლეგებთან ერთად 20 წელიწადია ვმუშაობთ. იმდენად რთული სტრუქტურაა, რომ ჯერ ბევრ სტრუქტურაზე არასრული ინფორმაცია გვაქვს და ვიცით, რომ ძალიან დიდი ხანი სჭირდება კომპლექსურ კვლევებს. უხერხულია, როდესაც ველზე გაუსვლელად ბატონი ბარანი ჩვენს გუნდს ასწავლის რაჭის მიწისძვრის მიერ გამოწვეული გრუნტის აჩქარების ეფექტს. ეს აჩქარების ჩანაწერები, რომელზედაც ბატონი ბარანი საუბრობს ჩვენი მოპოვებულია შვეიცარელ კოლეგებთან ერთდ. მე, თეა გოდოლაძემ, თავად 15 წლის ასაკში, 3 თვე გავატარე საერთაშორისო რაჭის ექსპედიციაში და ამ მონაცემებს ვამუშავებდი. იქნებ რომელიმე სტატია მაინც წაეკითხა რაჭის მიწისძვრაზე, რომელმაც 80 კილომეტრ სეგმენტზე გააქტიურა გაგრა-ჯავის რღვევა და რომელსაც ძალიან უცნაური M=6.4 მაგნიტუდის აფთერშოკი მოჰყვა. ყველა ეს მასალა ISC-ზე დევს, საერთაშორისო სტატიებშია და თუ ამ მასალას ბატონი ბარანი მოიძიებდა, დაამუშავებდა და გაანალიზებდა, 0.3g-ზე გაგრა-ჯავის რღვევის, ლეჩხუმ-რაჭის სეგმენტზე კაშხლური ტიპის ჰესის მშენებლობა ნამდვილად ძალიან შეაშინებდა. მონაცემთა დაძიებასა და ფუნდამენტურ


კვლევას თავი რომ დავანებოთ, სტუდია Pietrangeli -ის ნაშრომში ერთი მაინც, მათ მიერ შექმნილი და გამოთვლილი რუკა არ დევს. ნაშრომში გამოყენებული ყველა რუკა ჩვენი გუნდის, ზურაბ ჯავახიშვილის, პირადად ჩემი და მიხეილ ელაშვილის გაკეთებულია 1999 წელს და წლების მანძილზე განთავსებული იყო ჩვენი ინსტიტუტის ვებგვერდზე და ის საფუძვლად უდებს 2010 წელს დამტკიცებულ ქართულ სამშენებლო ნორმებს. წერილს ვურთავთ კვლევათა ჩამონათვალს, რომელიც აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის და რომელიც „ENKA Renewables“-ს და არც მის წინამორბედს არ განუხორციელებია. კვლევაში კაშხლის საანგარიშოდ მოყვანილი საპასუხო სპექტრი აღებულია ევროკოდი 8-ის მიხედვით. აღნიშნულ ნორმაში ცალსახად წერია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება კაშხლების პროექტირებისას არ შეიძლება (ევროკოდი 8 პუნქტი 1.1.1 (2)). ეს ნორმა მიღებულია 2010 წელს და ამჟამად ხდება მისი განახლება, რომელიც მოიცავს რეაქციის სპექტრის ცვლილებასაც. შესაბამისად ეს სპექტრი, გარდა იმისა რომ არ არის განკუთვნილი კაშხლებისთვის, მოძველებულია. ამჟამინდელი ევროპული რეგულაციებით შესაძლებელია ევროკოდის გამოყენება მხოლოდ შენობებისთვის და კაშხლებისთვის კატეგორიულად აკრძალულია. ევროკოდის გამოყენება, ასევე დაუშვებელია შესაბამისი ეროვნული დანართის გარეშე, რომელიც საქართველოში ჯერ არ დამუშავებულა. მაგალითად, ანგარიშში მიღებულია სპექტრის ტიპი I, რომლის მიღებასაც დამატებითი დასაბუთება სჭირდება. ასევე, ანგარიშში აღებულია 5% მილევადობა (დემპინგი), რასაც სჭირდება დასაბუთება (ევროკოდი 8, პუნქტი 3.2.2.2(4)). არ არის გათვალისწინებული ნაგებობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელიც მოქმედებს საანგარიშო PGA-ზე. საიმედოობის კოეფიციენტი საჭიროა მიღებული იქნეს კაშხლებისთვის დამუშავებული ნორმებიდან და არა ევროკოდიდან (თუმცა ევროკოდშიც მაღალი პასუხისმგებლობის ნაგებობებისთვის მიღებულია საიმედოობის კოეფიციენტი 1,4, რაც საანგარიშო აჩქარებას ზრდის 40%-ით. ასევე, აღნიშნული სიდიდის მიღება ევროკოდის მიხედვით, ეროვნული დანართის გარეშე დაუშვებელია). ასევე, საჭიროა დეტალურად იქნეს აღწერილი, თუ რა მეთოდებით მოხდა საანგარიშო აქსელეროგრამების შერჩევა, არ არის მოცემული აქსელეროგრამების შესაბამისი მიღებული სპექტრები, რომლებითაც შეიძლება მსჯელობა, რამდენად ვარგისია აღნიშნული აქსელეროგრამების გამოყენება. რაჭის აფთერშოკებიც კი არ არის გამოყენებული სათანადოდ. ყოველივე ზემოთთქმულიდან და ქვეყნის უსაფრთოებიდან გამომდინარე მიგვაჩია, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ნამახვან პროექტის დეტალური განხილვა. ამ ფორმით პროექტის განხორციელება წარმოადგენს საფრთხეს მთლიანად რიონის ხეობისა და კოლხეთის დაბლობისათვის.


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.