ბუნების სწორად და რაციონალურად გამოყენება, ზრუნვა იმაზე, რომ მეტისმეტად არ გავაჩანაგოთ და გავანადგუროთ იგი და ჩვენს შთამომავლობას უნაყოფო, უდაბური, ადამიანებისთვის გამოუყენებელი სივრცე არ დავუტოვოთ, სადღეისოდ ყველა ჩვენგანისთვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რა დიდი სიმდიდრეა ადამიანისთვის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. რაც უფრო მეტია ამქვეყნად მცენარეულობა, ტყე და მდელო, ბაღი და ვენახი, ყანა და სათიბი, ცხოველები და ფრინველები, მით მდიდარია ქვეყანა, ბედნიერი არიან ადამიანები, რომელთაც ბუნებით მრავალფეროვან და მდიდარ ადგილებში უხდებათ ცხოვრება. სწორედ ამიტომ ბრძოლა ბუნების სილამაზის, მისი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ადამიანთა სასიცოცხლო ინტერესებითაა განპირობებული და, აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ბავშვებში გარემოსადმი მზრუნველი, ყურადღებიანი დამოკიდებულების აღზრდა, ბუნების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო ეკოლოგიური ცოდნისა და ჩვევების გაფართოება. ბავშვებში ბუნებისადმი გონივრული დამოკიდებულების გამომუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს. ცნობილია, რომ მოზარდები ადრეული ასაკიდან იჩენენ ინტერესს უახლოეს საგნებსა და მოვლენებზე, ხედავენ რა ბუნებაში მიმდინარე მარტივ
პროცესებს, უჩნდებათ კითხვა, რა არის ეს? ამისთვის საჭიროა ყველა მშობელს ჰქონდეს სავალდებულო ცოდნის მინიმუმი, რათა დააკმაყოფილოს მოზარდის ცნობისმოყვარეობა და აუხსნას, რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში: ჰაერი, წყალი, მწვანე საფარი, ცხოველები, ფრინველები. განუმარტოს რა დიდი სიკეთე მოაქვს დედაბუნებას ადამიანისთვის. ჩვენი მთა-ბარი და მომხიბლავი ბაღნარები, ხომ ახარებენ და ატკბობენ ადამინის გულს, სუფთა ჰაერი კი აკაჟებს ორგანიზმს, ტყეები ინახავენ ცხოველთა სამყაროს, დაშრობისგან, იცავენ თევზებით მდიდარ ანკარა წყაროებსა და მდინარეებს, ბუნების სიკეთე ხომ განუზომელია, ამიტომ ადამიანები 63