4 minute read

ოპერის ვარსკვლავის მეორე სახლი - ნინო სურგულაძე იტალიაზე, საქართველოსა და შემოქმედებით გეგმებზე

ნინო სურგულაძე თანამედროვე საოპერო სცენის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ის უკვე წლებია, იტალიაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ეს ქვეყანა მისთვის მსოფლიო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობად იქცა. „ოპერის ოსკარის“ (GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება) მიერ საუკეთესო მეცოსოპრანოდ აღიარებული მომღერალი ორ ქვეყანას შორის კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება. იტალიურ ცხოვრებასა და კარიერულ გეგმებზე სურგულაძემ DIPLOMAT-თან ისაუბრა:

ოპერის მსმენელი უკვე მრავალი წელია იცნობს თქვენს სახელს, სხვადასხვა წამყვანი საოპერო სცენები კი ყოველთვის სიხარულით ელიან თქვენს კონცერტებს. მიუხედავად ამისა, ყველაზე გამორჩეული ადგილი თქვენს ცხოვრებაში მაინც იტალიას უჭირავს. მოგვიყევით, როგორ გადაიკვეთა თქვენი გზა ამ ქვეყანასთან?

იტალია არის საოპერო აკვანი და როდესაც ჩავედი იტალიაში, მაშინვე ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა, პირველ რიგში, მისი მსგავსებით საქართველოსთან, ტრადიციებით, სტუმართმოყვარე ხალხით, არაჩვეულებრივი ენით, კულტურით, ისტორიით, ყველაფრით მოვიხიბლე და მას შემდეგ ჩემს გულშია. იტალიამ ძალიან ბევრი რამ მომცა, მასთან მაკავშირებს ჩემი საქმე და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ქვეყნის, თუმცა სამშობლო მხოლოდ ერთია და ეს არის საქართველო, იტალია კი ჩემი მეორე სახლია. მე მიხარია, რომ შემიძლია, იტალიაში ბევრი ვისაუბრო საქართველოზე და პირიქით, როდესაც ჩამოვდივარ საქართველოში, შემიძლია, ბევრი ვისაუბრო იტალიაზე. ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მარადიულია და არ ქრება.

რა როლი ითამაშა იტალიამ თქვენს კარიერულ წარმატებაში და როგორ ფიქრობთ, რომ არა ეს ქვეყანა, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება დღეს?

რომ არა ეს ქვეყანა, ზოგადად, კულტურული საგანძური იქნებოდა ძალიან ცარიელი იმიტომ, რომ იტალიამ აჩუქა მსოფლიოს უდიდესი ხელოვანები, მეცნიერები, მწერლები, არქიტექტურული მაგალითები, ასევე იტალიური სამზარეულოა უნიკალური და ბევრი სხვა რამ. იტალიის გარეშე მსოფლიო კულტურა და ისტორია იქნებოდა ძალიან ღარიბი.

პირადად მე ძალიან ბევრი რამ მომცა ამ ქვეყანამ, პირველ რიგში, მომცა შანსი და გამიხსნა გზა მსოფლიო ასპარეზზე, ასევე მომცა ძალიან დიდი ცოდნა, რაც მინდა, რომ გამოვიყენო ჩემს ქვეყანაში. ჩემი ქვეყნის შემდეგ იტალიამ მომცა ძალიან ბევრი რამ, რასაც მე ყოველთვის ვაფასებ და ყოველთვის დავაფასებ. შესაბამისად, თუ რამის გაკეთებას შევძლებ საქართველოსთვის, ასევე ვეცდები, რომ გავაკეთო იტალიისთვის და, ზოგადად, ვეცდები, რომ ეს ორი ქვეყანა იყოს ყოველთვის კავშირში სხვადასხვა დადებითი მიმართულებით.

აქტიური საკონცერტო ცხოვრებიდან გამომდინარე საქართველოს იშვიათად სტუმრობთ, თუმცა ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაგაქვთ, რამაც საქართველოს ერთგვარი ელჩობის მისია დაგაკისრათ. როგორ უყურებთ ამ პასუხისმგებლობას?

აბსოლუტურად ვეთანხმები ფორმულირებას, რომ ხელოვანები, რომლებიც მიდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ერთგვარი ელჩები არიან თავიანთი ქვეყნის ისევე, როგორც ოჯახიდან გასული ადამიანი წარმოადგენს თავის ოჯახს; ეს თავისთავად გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას როგორც სოციალური ცხოვრებაში, ისე სცენაზეც. იმიტომ, რომ თითოეული წარმატება ქართველი ხელოვანის ან ნებისიმერი დარგის წარმომადგენლის, თუნდაც სპორტსმენის გამარჯვება არის, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელით გაკეთებული და ამას ჩვენ ყველანი უნდა მივუდგეთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, რადგან თითეული ნაბიჯი აისახება ჩვენს ქვეყანაზე. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ასეთი რთული პერიოდია საქართველოსთვის. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ქართველმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები სცენაზე თუ სცენის გარეთ, ისაუბროს რაც შეიძლება მეტი საქართველოზე მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება ის და გვერდით დაუდგეს თავის ქვეყანას.

მიუხედავად იშვიათი ვიზიტებისა, მაინც ახერხებთ საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვას, აღსანიშნავია, რომ თქვენი საქველმოქმედო ფონდის „ნატვრის ხე“ ფარგლებში საქართველოში უკვე არაერთი საჭირო ღონისძიება გამართეთ. რა მნიშვნელობის არის თქვენთვის საქართველოსთან დაკავშირებული აქტივობის განხორციელება?

მცირედიც კი, რაც საქართველოსთან მაკავშირებს და მაბრუნებს, ძალიან მახარებს. ნებისმიერი სახის აქტივობა, რომელიც შეიძლება, საქართველოში მქონდეს, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ყოველთვის განსაკუთრებულად ვღელავ და მიხარია, როდესაც ვხვდები ქართველ მაყურებელს და ამას არ ვამბობ უბრალოდ ლამაზი სიტყვისთვის. ქართველი მსმენელი არის ძალიან გამორჩეული, გემოვნებიანი, მკაცრი და ამავე დროს ძალიან საყვარელი და არაჩვეულებრივი შემფასებელი, აქედან გამომდინარე ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია ქართველ მაყურებელთან შეხვედრა.

რაც შეეხება ფონდს, თუკი რამე ღირებულია ჩემთვის, ერთ-ერთი ეს ფონდია, რომელიც ძალიან მჭიდროდ მაკავშირებს ჩემს ქვეყანასთან და ამავე დროს ჩემს ქვეყანასთან აკავშირებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ფონდის მეშვეობით ჩამოდის საქართველოში და ეხმარება ბავშვებს. ფონდში ერთვება ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე და სიკეთის სახელით წარმოუდგენელი რაღაცები კეთდება. ვფიქრობ, რომ რაც უფრო ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმეში, ყველასთვის კარგი იქნება. დაბოლოს, ვიტყვი რომ, ის, რაც ყველაზე მეტად მაკავშირებს საქართველოსთან , არის ჩემი ოჯახი და მეგობრები.

როდესაც საქართველოში ფიზიკურად ყოფნას ვერ ახერხებთ, სხვადასხვა მნიშვნელოვან კამპანიას სოციალური ქსელის საშუალებით უერთდებით. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ხელშესაწყობად წამოწყებული კამპანიის შესახებ ვიდეოც გააზიარეთ და თქვენი იტალიელი მსმენელი საქართველოში მოიპატიჟეთ. რა როლს იძენს ასეთ დროს კულტურული დიპლომატია?

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრიბუნაა, რომელიც შეიძლება გამოიყენო და მე უყოყმანოდ გავაკეთე ეს და შემდეგ არაერთმა ქართველმა მუსიკოსმა გააკეთა სხვადასხვა ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება მცირედია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის გაკეთება, რადგან ვიგრძენი საკმაოდ დიდი საშიშროება იმისა, რომ საქართველოს პრობლემები შეექმნებოდა, რადგან ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუნდაც მცირედი, სწორედ ახლა საქართველოს ეს ძალიან სჭირდება. ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც, ფაქტობრივად, ასულდგმულებს ტურიზმი და, მით უმეტეს, ასეთი წარმატება იყო ტურიზმის კუთხით და ეს კი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს, ამიტომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.

დავუბრუნდეთ თქვენს მეორე სახლს, იტალიას. როგორ ფიქრობთ, რა აკავშირებს ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან და რამდენად ახლოს არის საქართველო ევროპულ სივრცესთან, რომელშიც შედის იტალია?

საქართველო არის ევროპა, ჩვენ ვართ ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ევროპის უძველესი და განსაკუთრებით მომხიბვლელი მხარე, რომელიც ყოველთვის ეკუთვნოდა ევროპას, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ, ჩემთვის ძვირფასია; ენა, ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი თვითმყოფადობა - ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, მე ეს მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვან ამოცანად. იტალია, როგორც აღვნიშნე, მაგონებს საქართველოს თავისი ლანდშაფტითა და ბუნებით, თავისი ხალხით, სამზარეულოთი, ტემპერამენტით, მუსიკის სიყვარულით. ბევრი რამ გვაქვს საერთო ნამდვილად და მინდა, რომ ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. სხვათა შორის, იტალიელები ძალიან გულშემატკივრობენ საქართველოს და ისინი საკმაოდ ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ყოველთვის ინტერესდებიან და კეთილგანწყობას გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მიმართ და როგორც ადრე აღმინიშნავს ინტერვიუში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ყველა ხედავს, საქართველო იბრძვის იმისთვის, რომ იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შედგეს, როგორც სახელმწიფო და ცხოვრობდნენ ბედნიერი ადამიანები - ჩვენ მხოლოდ ეს გვამოძრავებს. ასე რომ, ყველა თანაგვიგრძნობს, განსაკუთრებით - იტალიელები.

წლევანდელი აქტიური შემოქმედებითი წლის შემდეგ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში თქვენს კონცერტს საქართველოში?

ვგეგმავ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩემი ფონდის, „ნატვრის ხის“, ფარგლებში, რომელშიც მე შემომიერთდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ბესო შამუგია, რომელიც არის პრემია „ღირსების გზის“ დამაარსებელი, მან მომაწოდა იდეა, გავერთიანებულიყავით და ერთობლივად განგვეხორციელებინა პროექტი. მე ეს იდეა ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს ტანდემი, ეს შერწყმა და 7 დეკემბერს ეს ყველაფერი იქნება საქართველოში. რაც შეეხება ჩემს კარიერას, სამომავლო გეგმები დიდია - კორეა, ჩინეთი, მონტე-კარლო, ბარსელონა, იაპონია, ნეაპოლი, ბევრი სხვა ადგილი, სადაც მექნება კონცერტები და შემოქმედებითი წვა.