Page 53

ჯერ კიდევ ბავშვობაში მოახდინა ნინოზე შთაბეჭდილება მოზაიკურმა პანომ. მაშინ, როცა თბილისში თითქმის ყველაფერი ნაცრისფერი იყო და პროფკავშირების კულტურის ცენტრის შენობაზე განთავსებული პანო ამ საერთო ნაცრისფერში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. „მას მერე დიდად არ შემცვლია შთაბეჭდილება. ყოველთვის რაღაცნაირად მიხაროდა, როდესაც ქალაქში სიარულისას, შემთხვევით, რომელიმე შენობაზე მოვკრავდი თვალს მივიწყებულ მოზაიკას. შემდეგ, როგორც ფოტომოყვარულმა, გადავწყვიტე ამ გატაცებისთვის სამოყვარულო ფოტო-პროექტის ფორმა მიმეცა და დავიწყე მოზაიკების ფოტოკამერაზე დაფიქსირება. დროთა განმავლობაში კი, მათი შინაარსი და ისტორია გახდა ჩემთვის საინტერესო, დავიწყე შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაც,“- იხსენებს ნინო სირაძე. საბჭოთა პერიოდში გაკეთებული მოზაიკებს მოყვარული ფოტოგრაფი 2 ძირითად კატეგორიად ყოფს: პირველი - ისეთი მოზაიკური კომპოზიციები, რომლებიც მონუმენტური ხელოვნების ძალიან საინტერესო ნიმუშებია, მასალაც, შესრულების ტექნიკაც და კომპოზიციაც დახვეწილი და გამორჩეულია (ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად, ბათუმის ცნობილი “რვაფეხაა”). როგორც წესი, ამ ნამუშევრების ავტორები იმ პერიოდში მოღვაწე ცნობილი მხატვრები იყვნენ (ზ.წერეთელი, კ.იგნატოვი, ზ.კაპანაძე და ა.შ.), თუმცა არის ისეთებიც, რომლებზეც იმ პერიოდში ჯერ კიდევ დამწყები მხატვრები მუშაობდნენ (ნინოს ერთ-ერთი ფავორიტია სამეცნიერო ბიბლიოთეკაში არსებული მოზაიკური პანო “პრომეთე”, რომელიც მაშინ ახალ კურსდამთავრებულ მხატვარს, ნუგრაზ მეძმარიაშვილის ეკუთვნის). „მეორე კატეგორია გაცილებით მრავალრიცხოვანია, მასში შედის ისეთი მოზაიკები, რომლებიც საბჭოთა მონუმენტური პროპაგანდის ნაწილად უფრო შეიძლება ჩაითვალოს. მათზე ასახულია ის იდეები და სცენები, რაც იმ პერიოდისთვის იყო აქტუალური. უმეტესწილად, მასალაც და შესრულების ხარისხიც არაა მაღალი, თუმცა ძალიან საინტერესოა თვითონ სიუჟეტები. ჩემი აზრით, ესეთი მოზაიკები განსაკუთრებით საინტერესოა საბჭოთა პერიოდის ისტორიისა და სოციალურკულტურული კვლევის თვალსაზრისით,“- ამბობს ნინო. დროთა განმავლობაში მოზაიკების „შეგროვებაში“ ნინოს მეგობრები და თანამშრომლებიც ჩაერთნენ. პროექტის გასაჯაროვებისთანავე აღმოჩნდა, რომ ეს თემა ბევრ ადამიანს აინტერესებს და მოსწონს. დღესდღეობით უკვე მრავალი მათგანი თავად აგზავნის ფოტოებს საქართველოს რეგიონებიდან, რომელთა თავმოყრასა და ისტორიების შეგროვებასაც ნინო საკუთარ ვებ-გვერდსა და ფეისბუკის გვერდზე აკეთებს. „ზოგადად, მოზაიკის გაკეთება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ძალიან შრომატევადი პროცესია. ისეთი მოზაიკური კომპოზიციები, როგორიც საბჭოთა პერიოდში კეთდებოდა ფასადებზე, იშვიათობაა მსოფლიოს მასშტაბით. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ისეთი მოზაიკური კომპოზიციების შენარჩუნებაზე და შენახვაზე, რომლებიც მონუმენტური ხელოვნების ძალიან საინტერესო და იშვიათ ნიმუშებს წარმოადგენენ,“- აღნიშნავს ნინო. 53

ჟურნალი ფოტოესე  

#8 თებერვალი-მარტი 2015, February-March #8 PHOTOESSAY Magazine www.photoessay.ge

Advertisement