Page 1

ბატონ გიორგი ლოლაძის შენიშვნებთან დაკავშირებით მადლიერი ვარ ბატონი გიორგის სურვილის, პროფესიონალურად გაანალიზოს პროექტი და სხვა მიდგომებთან შედარების გზით წარმოაჩინოს სპეციალისტებისათვისაც კი შეუმჩნეველი მისი უპირატესობანი. ამასთან ავღნიშნავ, რომ ამ მხარდამჭერ კომენტარში ძირითადად მაინც ყურადღება გადატანილია გადასახადებთან, ბიუჯეტთან დაკავშირებულ მომენტებზე და უყურადღებოდ დარჩა მთავარი: პროექტის განხორციელება შეწყვიტავს საფონდო ბაზარზე აქტივების დემპინგურ ფასებში მიწოდებას და შესაბამისად გამოიწვევს ამ რესურსის (არა მხოლოდ საპრივატიზაციო ნაწილის) საბაზრო ფასების ზრდას. ამ ხარვეზის გამო, მის კომენტარში P სიდიდეზე წარმოდგენა მცდარად ყალიბდება და ეს ციფრებით მოყვანილ მაგალითზე გაკეთებული დასკვნიდანაც იგრძნობა. არადა, ამ უმთავრესი მომენტის გააზრების გარეშე, მიუხედავად ბატონი გიორგის მხრიდან პროექტის უპირატესობების პრაქტიკულად უალტერნატივოდ აღიარებისა, მე ვიტყოდი, რომ ბევრი არაფერია წარმოსაჩენი. თუ ვერ იქნება დანახული, რომ მასობრივი პრივატიზაციის ფულზე წარმართვის შედეგად უმოწყალოდ მცირდება პირობითი საფონდო ინდექსი და ეს უმთავრესი მიზეზია ნებისმიერი ქვეყნის და მ.შ. ჩვენი ეკონომიკის გაჩანაგების, რომ პროექტი პირველ რიგში ამ პრობლემის მოგვარებისკენ, უპირველეს ყოვლისა საფონდო ბაზრის რეანიმაციისაკენაა მიმართული, არც კი ეღირებოდა პროექტის შესახებ ფართო აუდიტორიაში მსჯელობა. პოსტკომუნისტური ქვეყნების ამ უმთავრესი პრობლემის გამო დღეს საქართველოს საფონდო ბაზარზე ბრუნვაში მყოფი რესურსები და ამ ბრუნვიდან ანარიცხები იმდენად მცირეა, რომ ვერაფრით შეინახავს მართლა ცივილიზებულ დონეზე განვითარებულ და გარეშე საფონდო ბაზრებთან რაღაც დონეზე მაინც ინტეგრირებულ საბაზრო ინფრასტრუქტურას. რომ არა ფასიანი ქაღალდების კომისიის, პირადად ბატონი გიორგის და მისი გუნდის, საფონდო ბირჟის აღმასრულებელი აპარატის დიდი ენთუზიაზმი, მონდომება, საქრთველოს პირობებში დიდი გამოცდილება, განათლება და პატიოსნება (ანუ გამოყოფილი გრანტების მაქსიმალურად მიზნობრივი გამოყენება, რაც ასე იშვიათია ჩვენში), დღეს ჩვენი საფონდო ბირჟის და თითქმის მთელი საბაზრო ინფრასტრუქტურის არსებობა დიდი კითხვის ქვეშ იქნებოდა. პროფესიონალთა თავგამოდებული მონდომება კი არ უნდა უნარჩუნებდეს ქვეყანას საფონდო ინფრასტრუქტურას, თვით ეს ინფრასტრუქტურა საფონდო ბაზრის მაღალი აქტიურობიდან მიღებული საკმარისი ანარიცხებით თვითდაფინანსებული, მაღალი ანაზღაურებით, იქეთ უნდა იზიდავდეს და ინარჩუნებდეს, მე ვიტყოდი ქვეყანაში ზრდიდეს კიდეც მაღალი რანგის პროფესიონალებს. ვთქვათ თუნდაც ისე, როგორც საფონდო ბაზრის ადრინდელი მოკლევადიანი გააქტიურების ფონზე შედგა და დაიხვეწა ბევრი სპეციალისტი, რომლებიც დღევანდელი სტრუქტურების ბირთვს წარმოადგენს.


სხვა საკითხია, რომ ადრინდელისაგან განსხვავებით დღეს არსებული ინფრასტრუქტურა უკეთესი ფონია, დაეხმარება საპრივატიზაციო ფულის სახით და შინაარსით გაჩენილ ახალ ინსტრუმენტს, ხოლო თავის მხრივ ეს “ახალი მასალა” უფრო დატვირთავს მას. მოკლედ, მომწონს ბატონი გიორგის მიერ ჩვენი საზოგადოებისათვის საკმაოდ უცხო და შესაბამისად რთული ამ თემების გარკვეული სიღრმეებით ანალიზის მცდელობა. რაც შეეხება მის და ჩემს მიერ გამოხატულ შენიშვნებს, სხვა მოსაზრებებს, ამ ღრმა და საინტერესო თემებზე უფრო დეტალური საუბარი ამ კონკურსის ფორმატის ფარგლებში შეუძლებელია.

5opon2glolbolo  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you