Page 1


ჩვენი მეტოქე დილა გორი

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა, 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები ირგუნა სუპერთასის ფინალში, სადაც 0:1 დამარცხდა დინამოსთან. დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 55- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 3 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 143/29 არის. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა. უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2016 წლის 17 მარტს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ეს იყო გორელთა ისტორიაში მესამე გამარჯვება დინამოსთან.


დინამო თბილისი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში 1/16 ფინალური ეტაპიდან ჩაერთო. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე მარნეულის ალგეთი იყო, მატჩი 15 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაიმართა. თამაში დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა 2:0, დუბლი შეასრულა ბაჩანა არაბულმა, გოლები 31-ე და 85-ე წუთებზე გავიდა. ახალ სეზონში დინამოელთა მიერ გატანილი სამივე გოლი სწორედ ბაჩანა არაბულის ანგარიშზეა. 1/8 ფინალში დინამოელთა მეტოქეს წილისყრა გაარკვევს. უქმეების შემდეგ მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთი მცირე პაუზას აიღებს, რისი მიზეზიც სანაკრებო თამაშებია. მნიშვნელოვან მატჩებს ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ოფიციალურ შეხვედრაში დინამო არენაზე სერბეთს უმასპინძლებს, შემდეგ კი ლატვიას გაეჯიბრება ამხანაგურად. ამ თამაშებისთვის ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ გუნდში ერთადერთი დინამოელი, ოთარ კიტეიშვილი გამოიძახა. ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომლის შემადგენლობაში გია გეგუჩაძემ 4 დინამოელს უხმო. ნაკრების მაისურს ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ზარია, გიორგი ჩაკვეტაძე და ბექა მიქელთაძე მოირგებენ.


1 21 2 3 4 5 6 7 8 9 10 13 14 16 17 20 22 23 24 27 30 32

დინამო - დილა: მატჩის პროგრამა. 18.03.17  
Read more
Read more
Similar to
Popular now
Just for you