Issuu on Google+

Chanchika’s Dolls დიზაინერ ეკა ჩანჩიბაძის კოლექციაში ყველაზე ლამაზი, საყვარელი და კეთილი არსებები ბინადრობენ. მხედველობაში მაქვს, მინიატურული ზომის ხელით შეკერილი თოჯინები, რომლებსაც დიზაინერი ხან გულსაბნევად, ხან აბადოკად, ხანაც კი – ბეჭდად იყენებს ხოლმე. კოლექციის დიდი ნაწილი თვითონ დიზაინერის მიერაა შექმნილი, ნაწილი კი მისი ბავშვობისდროინდელი აქსესუარები თუ ნივთებია. თუ როგორ იქმნება თითოეული ნიმუში და სულ რამდენი მათგანია გაერთიანებული ეკა ჩანჩიბაძის კოლექციაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. ეკა ჩანჩიბაძე: ამ კოლექციისთვის ნიმუშების უმრავლესობა ჩემი ხელითაა შექმნილი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე ამ კოლექციის შექმნა-შეგროვება. აქ თავმოყრილია მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებულად მომწონს და მენანება გასასხვისებლად. – როგორ მოვიდა ასეთი კოლექციის შექმნის იდეა? – ძალიან მიყვარს მინიატურული ნივთები. ბავშვობიდან ვაგროვებდი ხოლმე. მქონდა: სულ პაწაწინა დანები, ბოქლომი, ეს გასაღები სოხუმიდან მაქვს წამოღებული და ასე შემდეგ. გარდა მინიატურული ნივთებისა, ძალიან მიყვარს თოჯინებიც. თუმცა, ვერასდროს ვყიდულობდი ისეთს, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონებოდა და ჩემთვის განსხვავებული და გამორჩეული იქნებოდა. ჟურნალებში ვათვალიერებდი, ინტერნეტითაც ვეძებე, მაგრამ უშედეგოდ. ამ ძიების პროცესში გავაკეთე ერთი თოჯინა, სასინჯად. ასე მიჰყვა ერთს მეორე, მეორეს – მესამე და ასე შემდეგ. როგორც წესი, არც ერთი ნიმუში არ ჰგავს ერთმანეთს. რამდენი თოჯინა გამიკეთებია, მაგრამ ყველა მათგანი განსახვავებულია, ყველას თავისი ხასიათი აქვს. თოჯინების პარალელურად, ყოველთვის მხიბლავდა აქსესუარები. ვაკეთებდი სამაჯურებს, საყურეებს, თმის სამაგრებს... გულსაბნევი არასდროს მიყვარდა, მაგრამ ერთხელ მოვსინჯე, ბროშის ფუნქცია დავაკისრე ჩემს მინიატურულ არსებებს და მივიღე ასეთი საინტერესო შედეგი. – რა მასალითაა შექმნილი თქვენი ქმნილებები? – მათ შესაქმნელად ძირითადად გამოყენებულია ნაჭერი, ტყავი, ბისერები, სვაროვსკის თვლები, ფერადი ბუმბულები, მაქმანები, მარგალიტები, საქსოვი ძაფები. მშრალ ხიდზე ვყიდულობ ღილებს და მათაც ხშირად ვიყენებ, ლამაზ ნივთებსა და ხანდახან აქსესუარებსაც ყოველთვის ვურთავ ამ არსებებს. მაგალითად, ამ თოჯინის ჩანთა ვერცხლისაა, ამის გვირგვინი კი ძვირფასი ქვებითაა შექმნილი. ეს მაწოვარაც ბავშვობიდან მაქვს შემონახული და როგორც ხედავთ, დანიშნულებაც ვუპოვე.


– როდესაც მასალას იძენთ, წინასწარ საზღვრავთ, რითი რას შექმნით, თუ ყველაფერი ექსპრომტად ხდება? – მე არ ვხატავ, პირდაპირ ვიწყებ თოჯინის კეთებას და წინასწარ არასდროს ვიცი, რა გამომივა. სახეს ძირითადად ვკერავ და ვქარგავ. არის სპეციალური, ნაჭერზე დასახატი ფლომასტერები, ხანდახან სახეს იმით ვხატავ. – სახელებს თუ არქმევთ თოჯინებს? – ყველა მათგანს ეკა აწერია, ჩემს სახელს ვაქარგავ. თუ გავაკეთე ისეთი თოჯინა, რომელიც ვიღაცას ჰგავს, მხოლოდ მაშინ ვარქმევ სახელს. – ასეთები ბევრია? – მინიატურული კრისტი მაქვს გაკეთებული. რაღაც პრეზენტაციაზე მიდიოდა, ეცვა შავი ტყავის ქურთუკი, შავი კაბა და მითხრა „გამაკეთე“, რომ დავიბნიოო. გავაკეთე, დაიბნია და ამ პრეზენტაციაზე ისე გამოცხადდა. ახლახან მთხოვა, ტანისამოსი გამოუცვალეო და აუცილებლად გავაკეთებ ამას. კიდევ, ლელა კილაძე გავაკეთე. მასავით ორსულს მივამსგავსე თოჯინა. შეძლებისდაგვარად, ნაკვთებიც მივუსადაგე ლელას სახეს და, მგონი, არც ისე ურიგო გამოვიდა. ახლა, ბიჭოლა-ბროშს ვაკეთებ, ჯერ არ დამისრულებია.


– სულ რამდენი თოჯინა გაქვთ შექმნილი? – დაახლოებით 250 თოჯინა მექნება გაკეთებული. მათგან ამ კოლექციაში მხოლოდ სამოცმა დაიდო ადგილი. გარდა ამისა, მაქვს რამდენიმე ისეთი თოჯინაც, ჩემი შექმნილი რომ არ არის. თუმცა, მე ისინი ძალიან მომწონს და მიყვარს. ამიტომ, ისინიც კოლექციაში გავაერთიანე. სულ ოთხმოცამდე თოჯინაა ამ კოლექციაში თავმოყრილი. – თუ იცით, მსგავსი ბროშებისა და გულსაბნევების შექმნით რომელიმე დიზაინერიც არის დაკავებული? – მე არსად არ მინახავს. ჩემი შექმნილი ნიმუშები მოდის კვირეულზე ფრანგმა ჟურნალისტმა ნახა და ძალიან ბევრი კომპლიმენტი მითხრა. ერთი გულსაბნევი თავისთვისაც შეიძინა. ლანვინის გულსაბნევი ეკეთა. ლანვინის კაბა მინიმუმ, 300 ათასი ევრო ღირს. ამ ადამიანმა კი ლანვინის ბროში მოიხსნა და ჩემი შექმნილი დაიმაგრა, თან ხმამაღლა მითხრა, ხომ ხედავ, რას ვაკეთებო. მე რა დამემართა ვერ აგიწერთ, თვალებს არ ვუჯერებდი. ეს იყო, ერთდროულად შოკიც და პატივიც. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც მოდის კრიტიკოსი გახლავთ და საკუთარი გადაცემაც აქვს. ინტერვიუც ჩაწერა ჩემთან ამ გადაცემისთვის და ჩემი ნამუშევრის შეძენის სურვილიც გამოთქვა. მე მოვიხიბლე მისი ყურადღებით და ვაჩუქე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია? – ეს კოლექცია არის ის, რაც მიყვარს, მამშვიდებს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. რომელიმე მათგანი რომ დამეკარგოს, ძალიან დამწყდება გული. თითოეული ქმნილებიდან, ერთი დეტალი მაინც მაბრუნებს ბავშვობაში... ეს გრძნობა აუწერელი და განუმეორებელია.



chanchika's dolls